Accentnews.ge
გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა: "არანაირი პრობლემა არ მაქვს კიდევ მოვიდე, რადგან კარგად ვიცი, სად არის სიმართლე"

გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა: "არანაირი პრობლემა არ მაქვს კიდევ მოვიდე, რადგან კარგად ვიცი, სად არის სიმართლე"

17/07/2019 14:11:59 სხვა, სამართალი

შს მინისტრი გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.  

გახარიას განცხადებით, პროკურატურის ყველა კითხვას პასუხი გასცა.

"მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო და შესაბამისად ჩემი მხრიდან იყო პასუხი გაცემული. რამდენჯერაც დამიბარებენ და საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვალ. მე არ მაქვს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციას არანაირი პრობლემა იმიტომ, რომ კარგად ვიცით, სად არის სიმართლე. ჩვენ აქ მოვდივართ და ამ სიმართლეს ვეუბნებით“,– განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ახლა ხელისუფლების ორი ძირითადი საზრუნავი აქვს:

"შს სამინისტროს, ჩემი პირადად და მთავრობის ძირითად  საზრუნავი არის ამ ღონისძიების დროს, ძალადობრივი უკანონო აქციის დროს დაზარალებული ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, რასაც ვაკეთებთ. გარდა ამისა, ჩვენთვის ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს შს სამინისტროში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოჰყოს ყველა ის ორგანიზატორი, რომელმაც პირდაპირ მოწოდებით, პოლიტიკოსებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი, რასაც მოჰყვა სისტემური შტურმი პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად, საქართველოს პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები", - განაცხადა გახარიამ. 

მინისტრის კომენტარი:


ცნობისთვის: თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S