„უვარგისი ადამიანია და დაეტიოს“ – მეუფე იაკობი ივერი მელაშვილზე საუბრობს
06/05/2021 09:36:01 საზოგადოება
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დავით–გარეჯში მომხდარ თავდასხმას საპატრიარქოსა და მმსართველი გუნდის წევრების მსგავსად პროვოკაციას უწოდებს.
"ვინ ნასვამი იყო და ვინ არა, მე არ ვიცი, გაქვთ მაგის საბუთი? თუ სუნი ამოსდიოდათ? მე დამისვით კითხვა, რომ ისინი იყვნენ ნასვამები, თუ ამტკიცებთ ამას ექპერტიზის დასკვნით, მაჩვენეთ დასკვნა და მერე გაგცემთ პასუხს. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან როცა მოდიხართ, პატივს გცემთ და ცივილიზებულად ვიქცევით. არასოდეს არ გადანაშაულებთ რამეში, თუნდაც გადაცემები არ მომწონდეს. თუ არ მინდა, არ ვუყურებ, თუ მინდა, ვუყურებ, თუნდაც მიტევდნენ არასწორად. მე ჩემი ცოდვებიც მეყოფა.
რაც შეხება ბატონი ივერი მელაშვილზე მკითხეთ, ერთი რამეა რაა, როცა იცი, რომ მასეთ მძიმე მდგომარეობაში ხარ, იცი ხალხის განწყობა და 6000 ბერის ხსენებაზე მიდიხარ, იცი იქ ტელევიზიებიც იქნებიან, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს იყო შეთქმულება, მაგრამ როცა მიდიხარ და იცი რა განწყობაა.. ასაკოვანი კაცია და ჩაიხედოს გულში, რამე თუ აქვს გაფუჭებული, თვითონ იცის მაგი. სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება, არ მიუღია და ვიძახით უდანაშაულო კაციაო. თქვენ თუ იმის გჯერათ ვინც იქ იყო, მე კიდე მამა კირიონის მჯერა. აი, რატომ არ უნდა დავუჯერო მამა კირიონს და რატომ უნდა დავუჯერო იმ პოლიტიკოსების ნათქვამს, „უდანაშაულოაო“ რომ დაიწყეს და ჩვენი ერის ყოფა არ აინტერესებთ, და ქვეყნის კრიზისი უხარიათ?! ნეტა მაგათ ტვინში ჩამახედა.
ივერი რაღაა, გუშინ მივიდა, თან პრემიერს ჰქონდა ვიზიტი [აზერბაიჯანი – რედ], რა ვიცი, რომ ივერის მხრიდან პროვოკაცია არ იყო? მე ის ადამიანი არ ვარ, რამე ვთქვა და ვინმემ მითხრას, „ბოდიში მოიხადეო“. ისეთ რამეს არ ვიტყვი, რაზეც პასუხს არ ვაგებ. გეუბნებით, სად მიდიხარ? ერი როგორ გიყურებს ხო იცი, ეს არ არის მთავრობის ბრალი“,– განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი აზრით, მელაშვილიდავით–გარეჯში არ უნდა ჩადიოდეს:
„უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს, დაეტიოს. მაგას შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ტაშს ვინც უკრავდა. ქართველ ერთან გამოსასვლელი ცხვირ-პირი მაგას არ აქვს. ახლა როგორც გინდათ ისე შეაფასეთ და ვისაც უნდა ისე შეაფასოს. ჩემი ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით“.
ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 4 მაისს სასულიერო და საერო პირები თავს დაესხნენ. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. შს მინისტრი ამბობს, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მას პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ტექნიკის მაღაზიაში მიაყენეს შეურაცხყოფა.
ივერი მელაშვილისთვის წარდგენილ ბრალში დავით-გარეჯის საკითხი არ ფიგურირებს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი ამ დრომდე შეუთანხმებელია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ამის მიუხედავად,ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოძიების დაწყების დროიდან კარტოგრაფების საქმეზე საუბრისას კეთდება დავით-გარეჯის დაკარგვის საფრთხეზე აქცენტი.
"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილი მეორე ბრალდებულ ნატალია ილიჩოვასთან ერთად წინასწარი პატიმრობიდან სასამართლო დარბაზიდან 28 იანვარს გათავისუფლდა. სახელმწიფო ბრალდების მხარე მას მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ქვეყნისთვის საზიანოდ ტერიტორიების შეთანხმებას ედავება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.


