
ჯანმო კორონავირუსის ინდურ შტამზე იმნაძე–გამყრელიძის ინფორმაციას ადასტურებს
06/05/2021 06:36:12 საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადასტურებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის ინდური შტამი ჯერ–ჯერობით არ დაფიქსირებულა.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის სახეობა B.1.617, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში დაფიქსირდა, საქართველოში არ დადასტურებულა", – განუცხადეს "აქცენტს" ჯანმო–ს ევროპის ბიუროში.
4 მაისს დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძემ, რომელიც პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, განაცხადა, რომ საქართველოში ინდური შტამის რამოდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. მოგვიანებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და მისმა მოადგილემ პაატა იმნაძემ პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.
რა ვიცით Covid-19–ის ინდური შტამის შესახებ
ოფიციალური ინფორმაციით, პირველად ინდური შტამი, რომელიც B.1.617–ის სახელითააა ცნობილი, ინდოეთში 2020 წლის ოქტომბერში დაფიქსრდა – დიდი ხნით ადრე პანდემიის მეორე ტალღამდე, რომელიც ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს.
B.1.617–ს “ორმაგი მუტაციის” ვარიანტსაც უწოდებენ.
ინდური შტამის “ორმაგი მუტაციის” სახელით მოხსენიება უკავშირდება იმას, რომ B.1.617-ს აქვს ორი ძირითადი მუტაცია, რაც მას პირველყოფილი ვარიანტისგან განასხვავებს.
მეცნიერების განცხადებით, არსებობს რისკი, რომ კოვიდ–გადატანილი ან კორონავირუსზე ვაქცინირებული პირი ინდური შტამით მაინც დაინფიცირდეს. მათივე ცნობით, რა როლი აქვს ახალ ვარიანტს ვირუსის სწრაფ გავრცელებაში და რამდენად საშიშია იგი ჯერ–ჯერობით სრულფასოვნად შესწავლილი არ არის.
ორმაგი მუტაციური Covid-19–ის შტამი, ამჟამად მსოფლიოს დაახლოებით 20 ქვეყანაში, მათ შორის, იაპონიაში, გერმანიაში, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიაში, აშშ–ში, სინგაპურში, ავსტრალიასა და საბერძნეთში უკვე ცირკულირებს.