Accentnews.ge
რა მიზნით ეწვევა ლავროვი კავკასიის ორ ქვეყანას – ოლევს ნიკერსის ანალიზი

რა მიზნით ეწვევა ლავროვი კავკასიის ორ ქვეყანას – ოლევს ნიკერსის ანალიზი

05/05/2021 19:53:58 ანალიზი

მაისის პირველ ნახევარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერევანსა (5-6 მაისი) და ბაქოს (10-11) ეწვევა. მოსალოდნელია უმაღლესი დონის შეხვედრები ორივე ქვეყანაში. ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ და სომხურ ექსპერტულ წრეებში გამოითქვა მოსაზრებები, რომ რუსეთს ირანის აქტიურობა და სომხეთისადმი აშშ-ის ინტერესი აშფოთებს; ლავროვი შეეცდება, დაარწმუნოს აზერბაიჯანი, შევიდეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში; ამასთან, ლავროვი ისაუბრებს სატრანზიტო კავშირებზე, მათ შორის, საუბარი შეეხება სომხეთის სიუნიკის რეგიონს, რომელიც ესაზღვრება ირანს და რომელიც აზერბაიჯანს აშორებს ნახიჩევანის ავტონომიური ოლქისგან. მაინც რა საკითხებზე სამსჯელოდ მიდის რუსი დიპლომატი სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში? რა დასკვნის შესაძლებლობას გვაძლევს მოვლენათა ანალიზი? ამ საკითხებზე „აქცენტი“ ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტს ოლევს ნიკერსს ესაუბრა:

„ერევანში ლავროვის ვიზიტის დროს პირველ რიგში სომხურ მხარესთან "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" აზერბაიჯანის გაწევრიანებას განიხილავენ. რათა შეინარჩუნოს ზეწოლა ბაქოზე“,– ფიქრობს ნიკერსი.

ანალიტიკოსის აზრით, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, ლავროვი ვიზიტს პოზიტიური „ქულების“ ჩასაწერად გამოიყენებს:

"იმ ფონზე, როდესაც დასავლეთსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა ნავალნისა და ჩეხეთის ინციდენტის გამო, ვფიქრობ, ლავროვი ამ ვიზიტებს პოზიტიური ქულების ჩასაწერად გამოიყენებს: ვიზიტი მიზნად ისახავს კიდევ ერთხელ დაადასტუროს რუსეთის იმიჯი, როგორც შეუცვლელი რეგიონული ძალის მშვიდობის მიღწევა–შენარჩუნებასა და წესების დადგენაში. ვფიქრობ, ერთ – ერთი პრაქტიკული მიზანი უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯების გამოკვეთა რეგიონულ სატრანსპორტო ქსელებთან მისი მოკავშირე სომხეთის დასაკავშირებლად. თუ სომხეთში პოლიტიკური არასტაბილურობა ჩამოყალიბდა, რუსეთმა შესაძლოა, დაკარგოს იგი, როგორც მოკავშირე. ამდენად, რუსეთი დაინტერესებულია, სომხეთმა პოტენციური ეკონომიკური ზრდა გამოიყენოს, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს სომხეთის ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტის პოპულარობას. გარდა ამისა, უფრო ძლიერი სომხეთი რუსეთს თურქეთის რეგიონული ამბიციების შეზღუდვაში დაეხმარება. თუმცა რეგიონში ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების პოტენციური ბერკეტი შესაძლოა, იყოს ლავროვის გრძელვადიანი გეგმა, რათა გაითვალისწინოს რეგიონში არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ჩინეთის ყოფნაც".

კავკასიაში აქტიური ჩინეთი

ანალიტიკოსი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩინურ ინვესტიციებზე ამახვილებს ყურადღებას და რეგიონში მის მეტ ჩართულობას პროგნოზირებს:

„რეგიონში ჩინეთის ინტერესებისა და შესაძლებლობების მიმართ სკეპტიციზმის მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის ჩართულობის მნიშვნელოვანი ზრდა განხორციელდა საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რამდენიმე ორმხრივი შეთანხმებებით. ამის ერთ–ერთი მაგალითია, "ერთი სარტყელი ერთი გზის" ინიციატივა. ჩინეთი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ქვეყნების ათეულში. ბოლო რამდენიმე წელიწადია, რეგიონში ჩინეთის ვაჭრობის 40%–ზე მეტი აზერბაიჯანთან ხორციელდება. გარდა ამისა, სავაჭრო მაჩვენებლები შთამბეჭდავია ჩინეთ– სომხეთის სავაჭროო ურთიერთობებში. ჩინეთმა მეტი თანამშრომლობის სურვილი გამოხატა და 2012 წლიდან სომხეთში დახმარების რამდენი პროგრამას ახორციელებს. სამომავლოდ სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ რეგიონში ჩინეთის უფრო აქტიურ ჩართულობას“.

„ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით რამდენიმე გამოწვევა არსებობს, რომელიც ფართო გავლენას მოახდენს სომხეთზე, აზერბაიჯანზე და მიმდებარე ქვეყნებზე“

„ზანგეზურის (სიუნიკი) დერეფნის ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანისთვის რამდენიმე გამოწვევა არსებობს, რომელიც ფართო გავლენას მოახდენს სომხეთზე, აზერბაიჯანზე და მიმდებარე ქვეყნებზე. მარშრუტის ირგვლივ არსებული დაძაბულობა და შექმნილ ვითარებაში სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსეთის ძალაუფლების თამაში, რა თქმა უნდა, ამ საკითხს ბაქოში განხილვის პრიორიტეტულ თემად აქცევს. საკითხს განიხილავენ ერევანშიც. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო გზა, პირდაპირი სახმელეთო ხაზი უზრუნველყოფს აზერბაიჯანის მოკლე ტრანზიტს თურქეთში და გარკვეულწილად, გაზრდის ვაჭრობას და განავითარებს ეკონომიკურ ურთიერთობებს“,– დასძენს ანალიტიკოსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S