ანდრია ჯაღმაიძე გარეჯში მომხდარ ინციდენტს "დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს
05/05/2021 13:56:33 საზოგადოება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე გარეჯში მომხდარ ინციდენტს "დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს.
"გუშინდელი ინციდენტი პროვოკაციად იკითხება. ძალადობას, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით და, რა თქმა უნდა, არაა სასულირო პირის საქმე, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი პროოვოკაციების დროს, როგორი გამომწვევიც არ უნდა იყოს, როგორმე სასულირო პირები არ ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში. მამები, ალბათ, ამას თავადვე გააცნობიერებენ და შეინანებენ. რაც შეეხება მეორე მხარეს, ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია", - ამბობს "ტვ პირველის" ეთერში ანდრია ჯაღმაიძე.
ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 4 მაისს სასულიერო და საერო პირები თავს დაესხნენ. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. შს მინისტრი ამბობს, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მას პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ტექნიკის მაღაზიაში მიაყენეს შეურაცხყოფა.
ივერი მელაშვილისთვის წარდგენილ ბრალში დავით-გარეჯის საკითხი არ ფიგურირებს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი ამ დრომდე შეუთანხმებელია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ამის მიუხედავად,ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოძიების დაწყების დროიდან კარტოგრაფების საქმეზე საუბრისას კეთდება დავით-გარეჯის დაკარგვის საფრთხეზე აქცენტი.
"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილი მეორე ბრალდებულ ნატალია ილიჩოვასთან ერთად წინასწარი პატიმრობიდან სასამართლო დარბაზიდან 28 იანვარს გათავისუფლდა. სახელმწიფო ბრალდების მხარე მას მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ქვეყნისთვის საზიანოდ ტერიტორიების შეთანხმებას ედავება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.


