მედია– ბაიდენმა კონგრესს უკვე აცნობა, რომ მისი ადმინისტრაცია აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარს არ განაცხადებს
05/05/2021 10:51:21 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკვე აცნობა, რომ მისი ადმინისტრაცია აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარს არ იტყვის, – იუწყება The Hill.
გამოცემის ცნობით, სამხედრო დახმარებაზე უარის თქმის საფუძველს „თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“ ე.წ. სექცია 907 წარმოადგენს, რომლის გადახედვა 2002 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ხდება. კერძოდ, ვაშინგტონი ბაქოს იმ შემთხვევაში უწევს სამხედრო დახმარებას, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაასაბუთებს, რომ ეს ქმედება ხელს არ შეუწყობს რეგიონში სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამწვავებას.
კონგრესისადმი გაკეთებულ გზავნილში, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ადასტურებს, რომ ამგვარი დახმარება არ შეაფერხებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მოლაპარაკებებს. ბლინკენის გზავნილში ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება აუცილებელია საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და აზერბაიჯანის სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის სომხური საზოგადოება გმობს ამ გადაწყვეტილებას.


