The Telegraph: ბრიტანეთის ყოფილმა მზვერავმა FBI-ს ტრამპის შესახებ ახალი დოსიე წარუდგინა
04/05/2021 12:29:53 მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილმა მზვერავმა ქრისტოფერ სტილმა, რომელიც კრემლისა და აშშ-ის ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავარაუდო გარიგების თაობაზე ანგარიშის ავტორია, გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მეორე დოკუმენტიც წარუდგინა,– იუწყება The Telegraph წყაროებზე დაყრდნობით.
სტილის პირველი დოკუმენტი 2016 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. The Telegraph-ის წყაროები მიიჩნევენ, რომ ყოფილ მზვერავს FBI-სთან კონტაქტი ტრამპის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგაც ჰქონდა.
წყაროების თანახმად, მეორე დოკუმენტი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ახალ განცხადებებს და ტრამპის მაკომპრომეტირებელ ვიდეოჩანაწერებს მოიცავს. გარდა ამისა, დოსიეში შესაძლოა, იყოს ინფორმაცია ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პოლ მანაფორტის მოსკოვთან კონტაქტებზე.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ახალი დოსიე შეიცავს დაუმუშავებელ სადაზვერვო მონაცემებს, რომლებიც სტილის კომპანია Orbis Business Intelligence-მა მოიპოვა.
სტილის პირველი დოსიე 2017 წლის იანვარში გამოცემა BuzzFeed-მა გამოაქვეყნა. მასში ავტორი ამტკიცებდა, რომ დონალდ ტრამპს ბიზნესინტერესები ჰქონდა რუსეთში და რომ რუსეთის სპეცსამსახურებს მასზე მაკომპრომეტირებელი მონაცემები მოეპოვებათ. Fox News-ი წერდა, რომ სტილი დოკუმენტის შედგენისას ემყარებოდა მონაცემებს, რომლებიც არ იყო რედაქტირებული.
სტილის პირველი დოკუმენტი საფუძვლად დაედო სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებას აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე. მიულერი მივიდა დასკვნამდე, რომ მოსკოვი მართლაც ცდილობდა ტრამპის დახმარებას, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებასა და ტრამპს შორის გარიგების ნიშნები არ აღმოუჩენიათ.
რუსეთი უარყოფს უცხო ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას.


