„თუ მოსახლეობის 60% ორჯერადად იქნება აცრილი, გარე სივრცეში პირბადეს მოვიხსნით“
04/05/2021 06:15:29 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება.
ამირან გამყრელიძემ „სინოფარმით“ ვაქცინაციის შემდეგ მოსახლეობას მოუწოდა, იაქტიურონ და ვაქცინის ჩასატერებლად ამცრელ პუნქტებში მივიდნენ.
„აცრების, იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება. მთავარუ გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. პირბადის ტარება აუცილებელია და კიდევ გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება. მაგრამ თუ ორჯერ ავიცრებით მოსახლეობის 60 პროცენტი, გარე სივრცეში ჩვენ უკვე პირბადეს მოვიხსნით. თუ ჩამოგვიყალიბდა საზოგადოებრივი იმუნიტეტი. მოვუწოდებ საზოგადოებას, აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის 20%-ს უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი და შესაბამისად, ქვეყანაში გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი არსებობს:
"ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტ-აპრილში იყო. მაგრამ ეს ვითარება საკმაოდ კარგად იმართება. დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 788, დაახლოებით 10 000-მდე ტესტის ფონზე. დღევანდელი ეპიდვითარება არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჟანგბადი, წამლები და ა.შ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 75%-ია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95%-ზე, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება.
საქართველოში საკმაოდ ბევრს - 20%-ს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, შესაბამისად არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. ასევე, მოდის თბილ ამინდები, ამ ვირუსზე კი მზის სხივი მოქმედებს,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ცნობისთვის: ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.


