
ივანიშვილი გაბუნიას პუტინისადმი მიმართვას საქართველოს სირცხვილად აფასებს
17/07/2019 09:32:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის, რაც "რუსთავი 2"–დან მოვისმინეთ, ქვეყნის სირცხვილია". ამის შესახებ ივანივილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
როგორც ივანიშვილი ირწმუნება, უშუალოდ ლავროვის განცხადებას პირადად არ გასცნობია.
„რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა „რუსთავი 2“-ში, არის სირცხვილი, ეს არის ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი კულტურის სირცხვილი. ასეთი ლანძღვა, რაც მოვისმინეთ თქვენი ტელევიზიიდან, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება ამას განსჯის და განსჯის საგანია. ეს იყო სირცხვილი ჩვენი კულტურის, ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის. რაც გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზიის დირექტორმაც და მისმა ჟურნალისტმაც. რა თქმა უნდა, ეს ამას იმსახურებს. კარგია, რომ მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის წევრების დიდი მცდელობისა, რომ ტურიზმი შეჩერდეს საქართველოში, ეკონომიკა დაინგრეს, ვაჭრობა გაჩერდეს, მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო განვითარდეს და საქართველოში ეკონომიკა აღორძინდეს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, გმობს ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას გამოსვლებს.
„დასაგმობია ყველა ქართველისგან. ეს იყო აბსოლუტურად არაქართველური და არაკულტურული გამოსვლა. ეს იყო სირცხვილი, რაც მათ გააკეთეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის: სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბრისას შემდეგი განცხადება გააკეთა: „ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია თბილისში მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“.