პიერ რიშარი: "ახლა გავიგე კახი კავსაძის ამბავი. ძალიან უბედური ვარ"
03/05/2021 16:14:14 საზოგადოება
ფრანგი მსახიობი პიერ რიშარი საქართველოსა და ქართველ ხალხს ლეგენდარული ქართველი მსახიობის კახი კავსაძის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს. მისი მიმართვა "მთავარი არხის" ეთერში გაჟღერდა:
"ახლა გავიგე კახი კავსაძის ამბავი. ძალიან უბედური ვარ, ძალიან მეტკინა გული, რომ წავიდა ასეთი დიდი მსახიობი, ბრწყინვალე ადამიანი, გულუხვი და ჩემს მიმართ ძალიან ყურადღებიანი, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი. მინდა, გადმოგცეთ ტკივილი, რომელსაც განვიცდი. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას. მათ დაკარგეს დიდებული ადამიანი. ვფიქრობ მასზე და ქართველ ხალხზე, რომელიც მას გლოვობს", - ამბობს რიშარი.
კახი კავსაძე 85 წლის ასაკში 27 აპრილს გარდაიცვალა. ლეგენდარული ქართველი მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით 1 მაისს დაკრძალეს.


