შევძლებთ თუ არა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში
03/05/2021 13:42:35 საზოგადოება
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ამბობს, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან განიხილება მხოლოდ იმ ტურისტების მიღება, რომლებიც ევროპის მიერ აღიარებული ვაქცინებით იქნებიან აცრილი.
"ზუსტად 1 საათის წინ ევროკავშირში ჩატარდა სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით... ხვალ იქნება განხილვა უკვე მინისტრების დონეზე, ოთხშაბათს, ალბათ, მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპისთვის, რაც დღეს წარადგინა ევროკავშირმა, მათ უნდათ, რომ დაუშვან იმ მოქალაქეების მოგზაურობა არაევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც აცრილი არიან ამ მომენტისთვის მხოლოდ ევროკავშირის მიერ ნებადართული ვაქცინებით, თუმცა აქვე მათ დასძინეს, რომ ჩვენ შემდგომში გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებიც შევიტანოთ თუ არა ამ სიაშიო.
ამ მომენტისთვის, მათ ხაზი გაუსვეს, რომ იმ ვაქცინებზეა საუბარი, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული," - განაცხადა ზაზა წერეთელმა „რუსთავი 2“–ის ეთერში.
ცნობისთვის: ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს და გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის მიიღებს. ამ დროისთვის საქართველოში მოქალაქეთა ნაწილი აიცრა ასტრა–ზენეკას და ფაიზერის ვაქცინებით. ამასთან, ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინების „სინოფარმისა“ და სინოვაკის“ გარკვეული დოზები.


