სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
03/05/2021 12:01:34 მსოფლიო
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის საკითხის განსახილველად დღეს ჩანიშნულ სპეციალურ სხდომაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
ფაშინიანის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, ხოლო 75-მა კენჭყისყრის პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. საკითხის განხილვაში არ ჩართულან საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების – „აყვავებული სომხეთისა“ და „გაბრწყინებული სომხეთის“ წევრები.
კენჭისყრის პირველი რაუნდის შედეგები იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პროცესი დაიწყო. კერძოდ, თუკი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კენჭისყრის მეორე რაუნდშიც არ აირჩევენ, რომელიც ერთ კვირაშია დაგეგმილი, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.


