Accentnews.ge
"2016 წელსაც იმყოფებოდნენ საქართველოში რუსი დეპუტატები, სად იყავით მაშინ?"

"2016 წელსაც იმყოფებოდნენ საქართველოში რუსი დეპუტატები, სად იყავით მაშინ?"

17/07/2019 09:05:31 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვზე მნიშვნელოვანი ფიგურები საქართველოში 2016 წელსაც იმყოფებოდნენ.   

“2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, მათ შორის სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, კიდევ გვარს ვერ გავიხსენებ, ფსბ-ს ყოფილი თავმჯდომარე. სად იყავით მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ? 2016 წელს იყვნენ და ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა. ახლა დაკნინების პროცესი მოხდა და გამორიცხულია, არჩევნების პროცესით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ”,– განაცხადა ივანივილმა. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S