სამხრეთ აზიის ქვეყნების ნაწილი: "ინდოეთის მსგავსი კრიზისი შესაძლოა, ძალიან მალე ვიხილოთ"
03/05/2021 09:48:02 მსოფლიო
სამხრეთ აზიის რიგ ქვეყნებში – ნეპალში, შრი-ლანკასა და პაკისტანში არ გამორიცხავენ, რომ ინდოეთის მსგავსი ეპიდვითარება ძალიან მალე დაფიქსირდეს.
როგორც ხსენებული ქვეყნების ჯანდაცვის უწყებებში აღნიშნავენ, კოვიდ–ინფიცირებულთა მკვეთრად მზარდი რაოდენობის გამო საწოლების, ჟანგბადისა და სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს განიცდიან.
"თუკი არ შევაკავებთ ინფექციის გავრცელების ამჟამინდელ ტენდენციას, ძალიან მალე შესაძლოა, ინდოეთის მსგავსი კრიზისის მომსწრენი გავხდეთ", – განაცხადა შრი-ლანკის მთავარმა ეპიდემიოლოგმა სუდათ სამარავირამ.
აღნიშნულ ქვეყნებში კოვიდ–საწინააღდეგო ვაქცინაციის პროცესიც მიმდინარეობს, თუმცა ამჟამად მოსახლეობის მხოლოდ მცირედი ნაწილია ვაქცინირებული.
რაც შეეხება ინდოეთს, ქვეყანაში ეპიდ–ვითარება სულ უფრო უარესდება. ბოლო 24 საათში ინფიცირების 368 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 417 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან ინდოეთში ვირუსის 19.93 მილიონი შემთხვევა დარეგისტრირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 218 959-ს აღწევს. სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემთხვევათა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე ხუთჯერ ან ათჯერ მაღალია.


