Accentnews.ge
მსოფლიო პატრიარქი: „ზეწოლა და შანტაჟია, რომ რუსეთი აფხაზეთის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს“

მსოფლიო პატრიარქი: „ზეწოლა და შანტაჟია, რომ რუსეთი აფხაზეთის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს“

02/05/2021 16:38:28 საზოგადოება

მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს „დროებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე ისაუბრა და ასევე უპასუხა კითხვას საქართველოს საპატრიარქოს პოზიციის თაობაზე. ჟურნალისტმა პატრიარქს კითხა, საქართველოში, მათ შორის სასულიერო პირების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების შესახებ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას შესალოა, მოჰყვეს მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.

როგორც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, ავტოკეფალიის მინიჭების უფლება ექსკლუზიურად ეკუთვნის კონსტანტინოპოლის ეკლესიას, შესაბამისად, რუსეთი აფხაზეთის ეკლესიას დამოუკიდებლობას ვერ მიანიჭებს. შესაბამისად, მისი დასკვნით, განცხადებები, რომ უკრაინის ავტოკეფალიას აღიარების პასუხად რუსეთი ავტოკეფალიას აფხაზეთს მიანიჭებს, ზეწოლა და შანტაჟია, რომელსაც საფუძველი არა აქვს.

"რა თქმა უნდა, არა. პირველყოვლისა, რუსეთის ეკლესიას არა აქვს უფლება ავტოკეფალია უბოძოს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ არავის. მას არა აქვს ამის უფლება. ეს ექსკლუზიურად კონსტანტინოპოლის უფლებამოსილებაა, როგორც ამას ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია და ქმედება საუკუნეების განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესიამ 1970 წელს ავტოკეფალურად გამოაცხადა ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესია, მაგრამ არა ამერიკის ყველა მართლმადიდებლებისა, არა რუსულენოვანი მთელი ამერიკისა, არამედ მხოლოდ ერთი ნაწილისა. ამ გზით მოსკოვმა ამერიკის ყველაზე მდიდარი მართლმადიდებელი ნაწილი დაიქვემდებარა. 1970 წელს გამოცხადებული ეს ფსევდოავტოკეფალური ეკლესია დღემდე არავინ სცნო. მხოლოდ იგი უწოდებს თავის თავს ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას.

მოკლედ, ვუბრუნდები საკითხს და კვლავ ვიმეორებ, რომ რუსეთს არ შეუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს არც აფხაზეთს და არც არავის.

რაც შეეხება თქვენს სიტყვებს: „თუ საქართველოს ეკლესია სცნობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ მოსკოვის საპატრიარქო სცნობს აფხაზეთის ავტოკეფალიასო“, ეს არის ზეწოლა და შანტაჟი, რომელსაც საფუძველი არა აქვს". - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

მისივე თქმით, საქართველოს პატრიარქს მიმართავს იმგვარად, როგორც ეს ილია მეორეს მიაჩნია სწორად და სურს და მსოფლიო საპატრიარქოსთვის არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში შედიან.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელი 2019 წლის 5 იანვარს მოაწერა. საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ჯერაც არ უღიარებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S