მსოფლიო პატრიარქი: „აცრა აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, მოყვასის გამოც. ვისაც მოყვასი არ უყვარს, მას არც ღმერთი უყვარს“
02/05/2021 16:30:55 საზოგადოება
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე „დროებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ორივე აცრა გაკეთებული მაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მწამს მეცნიერების აუცილებლობის. მწამს, რომ ჩვენ, ქრისტიანებმა მეცნიერების მიერ შემოთავაზებული მსახურება უნდა მივიღოთ, რომელიც ღვთის საჩუქარია. ძველი აღთქმა გვასწავლის, რომ ექიმებს პატივი უნდა მივაგოთ, რადგან ისინი ღვთის თანამოღვაწენი არიან: მათი მსახურება მეტია, ვიდრე პროფესია. [...] ქრისტიანებს გვევალება, გავავლოთ საზღვარი მეცნიერების დადებით მონაპოვარსა და უარყოფით გამოვლინებას შორის. რამდენიმე წლის წინ სამსჯელო საგნად იქცა კლონირება, რაც მეცნიერების უარყოფით მიღწევად ითვლება და მის მიმართ ცხადია, თავშეკავებულნი უნდა ვიყოთ. მაგრამ დღეს, პანდემიის პირობებში არ შეიძლება, არ გავითვალიწინოთ მედიცინის მუშაკთა რჩევები, მათი ფასდაუდებელი მსახურება, თავდადება და კიდევაც უნდა გამოვთქვათ მათ მიმართ მადლიერება. ისინი ხომ ავადმყოფებთან ერთად იტანჯებიან?! ღამეებს ათენებენ! დღეებისა და კვირეების განმავლობაში ვერ ნახულობენ ოჯახის წევრებს. რაც შეეხება აცრას, აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მოყვასის გამოც: აცრა არა მხოლოდ ჩვენ გვიცავს, აბრკოლებს პანდემიის გავრცელებას. ამიტომ, თავიც უნდა დავიცვათ და სხვაც. ეს სოლიდარობის და მხარდაჭერის საკითხია. თუ საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად ძმის ჯანმრთელობაზეც არ ვიზრუნეთ, ეს ნიშნავს, რომ ის არ გვიყვარს. ვისაც მოყვასი არ უყვარს, მას არც ღმერთი უყვარს. ამას გვასწავლის ახალი აღთქმა“,– განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა „დროებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.


