მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა
01/05/2021 11:46:30 საზოგადოება
მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
მორწმუნეების მტკიცებით, ცეცხლის გადმოსვლისთვის სამი პირობა არსებობს:
- ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით. რადგან სწორედ ასე - ხმამაღალი შეძახილებით და საყვირებით - ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი დღემდე შინარჩუნეს;
- საბაწმინდელი ბერების ლოცვა.
- ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი - მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დაახლოებით 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ. სამკაციანი დელეგაცია ისრაელში დღეს დილით გაემგზავრა.
„ვინაიდან ტაძარში მისვლის მსურველები და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საზეიმო წირვის მონაწილენი, სავარაუდოდ, მრავლად იქნებიან, ეპიდემიასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, რომ გავუწიოთ ანგარიში საკუთარ თავსაც და სხვასაც. რისკის ჯგუფში შემავალ მრევლს შეუძლია, დარჩეს სახლში და მათთან საზიარებლად მათი მოძღვარი მივა“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
გამონაკლისის სახით, გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.


