
ჰოვარდი საქართველოსთან დაკავშირებით პუტინის განცხადებას აბსურდულს უწოდებს
17/07/2019 07:51:04 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას აბსურდულს უწოდებს. საუბარია პუტინის მიერ ისტორიის გადაწერის მცდელობაზე.
“საუბარი ოსი ხალხის გენოციდზე იმ ქვეყნისგან, რომელმაც ამდენი საშინელება ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, გასაკვირია. ვფიქრობ, თუ ვინმემ იცის [კავკასიის] რეგიონის ისტორია, მიხვდება, რომ პუტინის სიტყვები უკიდურესად აბსურდულია. მაგრამ ესაა ნაწილი იმისა, თუ როგორ სჯის რუსეთი საქართველოს. მიდის ფსიქოლოგიური ომიც, რომ დააშინოს და როგორმე შემდეგში გამოიწვიოს უკმაყოფილება და დაძაბულობა საქართველოში, რადგან მას სურს, რომ საქართველო არასტაბილური გახდეს. ის [პუტინი] ცდილობს ამოატრიალოს დასავლური ნარატივი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსული აგრესიისგან დაზარალდა. ის ცდილობს ეს შეხედულება მკვეთრად შეცვალოს და გამოიყენოს ქართველების წინააღმდეგ. აქამდე მათი ნარატივი ის იყო, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, საქართველოა დამნაშავე და თავისი ცუდი მთავრობის გამო საქართველომ დაიმსახურა ის, რაც მიიღო. არ მგონია, რომ პუტინს სჯერა იმის, რასაც ახლა ამბობს. ვფიქრობ, მისთვის ესაა გზა, რომ დაუსრულებლად დააშინოს საქართველო, რომელიც ასეთი წარმატებული გახდა”,– განაცხადა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჰოვარდმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინი საქართველოს ისტორიის გადაწერას შეეცადა და ანტიქართული განცხადებები გააკეთა. კერძოდ, ქართული სახელმწიფო საკუთარი, თუმცა ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციასა და ოსების გენოციდში დაადანაშაულა.
იხილეთ ასევე: ისტორიის გაკვეთილი პუტინს
ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც პუტინი დაეყრდნო, აფხაზურ სასამართლოს აკრძალული აქვს