ლაგოდეხის შემდეგ სეტყვამ მოსავალი საგარეჯოსა და გურჯაანშიც გაანადგურა
30/04/2021 13:36:51 საზოგადოება
საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სეტყვამ ვენახები, ერთწელიანი კულტურები, სახნავ-სათესი ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები გაანადგურა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაისეტყვა სოფლები: პატარძეული, ხაშმი და უჯარმა, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტში – სოფლები: კაჭრეთი, ჯიმითი და არაშენდა.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია დგინდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი – ბაისუბანი, ქვემო მსხალგორი და პატარა გორი დააზარალა.
შიოლაშვილი დღეს ლაგოდეხელ ფერმერებს შეხვდა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მათ დახმარებას ვერ შეძლებს:
"მუნიციპალიტეტი ამას ვერ დაეხმარება, გამორიცხულია. უარს კი არ ვეუბნებით, ეს არის წესი და კანონი, ფერმერმა უნდა დააზღვიოს. თუ სხვამ დააზღვია მარტის თვეში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაეზღვია სხვადასხვა ფერმერსაც? სახელმწიფოს ერთადერთი რაც აქვს გაკეთებული, ეს არის აგროდაზღვევა, რომელიც თავისი კომპონენტით შედის და ფერმერს უადვილებს საქმეს".


