საქართველოს მთავრობა შეზღუდვების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
30/04/2021 11:32:21 საზოგადოება
საქართველოს მთავრობა 3-12 მაისის ჩათვლით პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
"3-12 მაისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მასშტაბით,
- მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება;
- სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;
- საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;
- გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, იმოქმედებს 23:00-04:00 საათამდე.
როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად; შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი; უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


