მოსკოვში აშშ-ის საელჩო პერსონალს 75%-ით ამცირებს და რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს
30/04/2021 10:40:27 მსოფლიო
მოსკოვში აშშ-ის საელჩო პერსონალს 75%-ით ამცირებს და რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
„ჩვენ ვწუხვართ იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობის ქმედებებმა გვაიძულა საკონსულოს სამუშაო ძალა 75% -ით შეგვემცირებინა”, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, 12 მაისიდან მოსკოვში აშშ-ის საელჩო მომსახურებების რაოდენობას შეამცირებს. კერძოდ, მოსკოვში აშშ-ის საელჩო რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას შეწყვეტს. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატიური მიზნით მოგზაურობას შეეხება:
„არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურა არადიპლომატიური მოგზაურობისთვის შეწყდება".
ცნობისთვის: 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც არამეგობრული სახელმწიფოების დიპლომატიურ მისიაში უცხოეთის მოქალაქეების დასაქმებას ზღუდავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის შეიქმნა „აშშ-ის და სხვა ქვეყნების არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ“.


