კახეთში სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
30/04/2021 08:10:18 საზოგადოება
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კაბალში, ბაისუბანში, პატარა გორსა და მსხალგორში მოსახლეობას თითქმის სრულად გაუნადგურა მარცვლეულის ყანები, ალუჩის, მარწყვის, საზამთროს და ნესვის ბაღები და ვენახები. სოფელ კაბალში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავიც აქვს გადახდილი.
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა დღეს დილით საპროტესტო აქცია გამართა სოფელ კაბალში. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, სტიქიიდან 12 საათზე მეტი გავიდა და მათი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.
დაზარალებულთა ნაწილი ამბობს, რომ მოსავალი დაზღვეული აქვს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ზარალს იმ შემთხვევაში აანაზღაურებდნენ, თუ სტიქია მოსავალს ორი მაისის შემდეგ გაანადგურებდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ მათთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღის განმავლობაში არ მივლენ, ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.
ლაგოდეხის მერიაში აცხადებენ, რომ კომისია მუშაობს და ზარალის საბოლო შედეგების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი, რა სახით დაეხმარებიან მოსახლეობას.
„დელტას“ ინფორმაციით, კახეთის რეგიონში გუშინ 144 ცალი სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს:
"რეგიონში ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დღის მეორე ნახევარში შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა კახეთის ხუთი რაიონი. 176 კვ.კმ საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა. მოსალოდნელი მარცვლების ზომა 31 მმ იყო. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, ახმეტის, თელავის, ყვარელის, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონებში 13:58 სთ-დან 23:20 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 144 ერთეულამდე რაკეტა. აღსანიშნავია, რომ დამუშავების პროცესი დასახლებული პუნქტების არსებობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში გრძელდება“.


