ვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დაინიშნა
30/04/2021 06:14:12 მსოფლიო
დიპლომატი ვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დაინიშნა.
ვიქტორია ნულანდს 32-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს: მუშაობდა 5 პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში, ორივე პოლიტიკური პარტიიდან. სამსახურიდან იგი ექს–პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაათავისუფლა.
2005-2008 წლებში ვიქტორია ნულანდი იყო აშშ-ის ელჩი ნატო-ში.
2013-2016 წლებში იგი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ნულანდი საქართველოში ვიზიტით რამდენჯერმე ჩამოვიდა.
2016 წლის ივნისში ნულანდი რუსეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
2020 წლის ზაფხულში, გამოცემა Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დიპლომატი წერდა, როგორ უნდა მიუდგეს რუსეთს აშშ: შეიქმნას გაერთიანებული გლობალური ფრონტი რუსეთის სამხედრო აგრესიის შესამოწმებლად და შესაკავებლად; შეიმუშავოს უფრო ძლიერი ინსტრუმენტები რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, დაწესდეს სანქციები, და დიპლომატების ძალისხმევა უშუალოდ რუსი ხალხისკენ მიემართოს.


