ჯანმო: "შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქებით შესაძლოა, ქვეყნებში ინდოეთის მსგავსი ვითარება წარმოიშვას"
30/04/2021 05:34:05 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ ქვეყნებს აფრთხილებს, რომლებიც კოვიდ–რეგულაციების შემსუბიქებას გეგმავენ.
როგორც ჯანმო–ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, სახელმწიფოებმა აკრძალვების მოხსნის საკითხი მაქსიმალური სიფრთხილით უნდა ანიხილონ, რათა სამომავლოდ კოვიდ–ინფიცირების მკვეთრი ზრდა აიცილონ თავიდან.
"დამცავი ზომების ნაადრევად შემსუბუქებამ, როდესაც უფრო გადამდები ვარიანტები არსებობს და ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია, შესაძლოა, ნებისმიერ ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გააუარესოს. შესაძლოა, ქვეყნებში ინდოეთის მსგავსი ვითარება წარმოიშვას",- განაცხადა კლუგემ.
მან ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია, თუმცა აღნიშნა, რომ ცხოვრების ნორმალური რიტმის დაბრუნებისთვის საჭიროა ვაქცინაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძლიერი ზომების ერთობლიობა.
ჰანს კლუგემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპის ქვეყნების რამდენიმე ლიდერმა, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულე მაკრონმა კორონავირუსთან დაკავშრებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა.


