"მკაცრად ვგმობთ რუსეთის მტრულ ქმედებებს და მოვუწოდებთ დაასრულოს აქტივობები, რაც საფრთხეს უქმნის ევროპაში სტაბილურობას"
29/04/2021 18:14:53 მსოფლიო
ევროპარლამენტის წევრებმა ხმათა უმრავლესობით რუსეთთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს, რომელიც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმეს, უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაციის გაძლიერებას და ჩეხეთის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდება.
„ევროპარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის მტრულ ქმედებებს ევროპაში და მოუწოდებს მოსკოვს, დაასრულოს აქტივობები, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრინციპებს და ნორმებს და საფრთხეს უქმნის ევროპაში სტაბილურობას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი შეშფოთებულია უკრაინის საზღვარებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მასშტაბური სამხედრო მობილიზებით და გმობს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობით ამ მუქარის შემცველ და დესტაბილიზაციურ ქმედებებს.
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ ევროკავშირმა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და ყველა წევრ სახელმწიფოს, შეაჩერონ მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულება. ამასთან, ევროპარლამენტი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.


