ქორწინება სპეცაღჭურვილობით – ინდოეთში კოვიდ–ინფიცირებული მამაკაცი საკუთარ რჩეულზე დაქორწინდა (ვიდეო)
29/04/2021 16:48:20 მსოფლიო
ინდოეთში შექმნილი უმძიმესი ეპიდვითარებისა და მასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ბევრი წყვილი გახდა იძულებული, დაქორწინების გეგმები შეეცვალა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კორონავირუსის დადასტურების მიუხედავად, მადია პრადეშში მცხოვრები მამაკაცი საკუთარ რჩეულზე მაინც დაქორწინდა.
ქორწილს სიძე–პატარძალი, მათი ახლობლები და სასულიერო პირი სპეცაღჭურვილობით დაესწრო.
ცერემონიას პოლიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც ინდური მედია წერს, სამართალდამცველები ადგილზე ღონისძიების შესაჩერებლად მივიდნენ, თუმცა წყვილის ოჯახის წევრების თხოვნით ცერემონია არ ჩაშალეს.
ქორწინების ცერემონიის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი მომხმარებელი ვერაფრით ვერ ხსნიდა, რატომ არ გადადეს ქორწილი ასეთი მძიმე ეპიდვითარების ფონზე, ზოგი კი ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდა ღონისძიების გამართვის ნებართვის გამო.


