
„აშშ რეგიონში მყარად ყოფნას გეგმავს და ხედვაც აქვს მის მომავალთან დაკავშირებით“
29/04/2021 12:24:27 ინტერვიუ
24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1915 წლის მოვლენებს სომეხთა გენოციდი ოფიციალურად უწოდა და ამ ნაბიჯით ერთგვარად შეასრულა სომხური დიასპორისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირება. ამასთან, რიგი დამკვირვებლების შეფასებით, აშშ–თურქეთის ურთიერთობებში „რუბიკონი“ გადაილახა, თურქეთს კი დასავლეთისგან დისტანცირების (მათ შორის მოიაზრება რუსული ეს–400–ებიც შეძენა) საფასურის გადახდის დრო დაუდგა. იმავდროულად, მიუხედავად თურქეთის ოფიციალური პირების მხრიდან საპასუხო ნაბიჯების დაანონსებისა, პროცესის დამკვირვებლები მძიმე ეკონომიკური წნეხის ქვეშ მოქცეული ანკარისგან საგარეო პოლიტიკაში მკვეთრ ცვლილებებს არ პროგნოზირებენ. მაგრამ საინტერესოა, ბაიდენის ჟესტი რა შესაძლებლობებს ხსნის სომხეთისთვის?
რიგი ანალიტიკოსები თვლიან, რომ აშშ–ის პრეზიდენტის პოზიციონირება მხარდაჭერაცაა წინასაარჩევნოდ არც თუ სახარბიელო პოზიციაში მყოფი სომხეთის პრემიერ–მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელ ლელა ჯეჯელავას. თავდაპირველად, ჯეჯელავა „აქცენტთან“ საუბარში განმარტავს, რომ ბაიდენის მიერ სიტყვა „გენოციდის“ ხსენება, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა, გენოციდის აღიარებას არ ნიშნავს, არ წარმართულა რა ჯერ შესაბამისი იურიდიული პროცედურები. რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, ანალიტიკოსის დაკვირვებით, ბაიდენი რამდენიმე მოსაზრებით ხელმძღვანელობდა:
- აშშ–ის პრეზიდენტი პოზიციონირებს როგორც ფლაგმანი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში;
- აშშ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებისას (ვგულისხმობ ყარაბაღის მეორე კონფლიქტს) პრაქტიკულად, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგრამ ბაიდენის განცხადება მიუთითებს, რომ მას აქვს თავისი ინტერესები როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ეს გარკვეული გაფრთხილებაა თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის და გარკვეული შემაკავებელიც, რომ ახალი სტატუს–კვოს შემდეგ მაქსიმალურად იქნას დაცული სომეხი ხალხის უფლებები იმ ტერიტორიაზე, რომელიც ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანის მიერ იქნა დაკავებული;
- ეს არის გარკვეული მორალური კომპენსაციაც სომეხი ხალხისთვის და მხარდაჭერა, რადგან ყარაბაღის მეორე კონფლიქტის განვითარებასა და მის შედეგებში დასავლეთმა არასათანადო როლი შეასრულა. ეს [ბაიდენის განცხადება – რედ] განაცხადია, რომ ახლა აშშ ჩაერთვება კონფლიქტის მოწესრიგებაში;
- ამასთან, აშშ ამბობს, რომ მისი თანამონაწილეობის გარეშე სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში ბევრი რამ არ მოხდება. მოგეხსენებათ, ექვსი ერის პლატფორმას აქტიურად ლობირებენ თურქეთი, რუსეთი და ირანი.
„ტრაგედიის რეალურ მიზეზებზე საერთაშორისო საზოგადოებამ ჯერ კიდევ ნაკლებად იცის“
გენოციდის თემა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც სომეხი ხალხის იდენტობას უკავშირდება და მათი სწრაფვაა, გენოციდის თურქეთის მიერ აღიარება,– ამბობს ჯეჯელავა და იქვე დასძენს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი მოლოდინი უსაფუძვლოა და მას აშშ–ის მიერ გენოციდის ოფიციალური აღიარებაც კი ვერ უზრუნველყოფს:
„ეს საკითხი ახლა „დამოკლეს მახვილივით“ იქნება თურქეთზე დაკიდებული, აშშ–ს კი დამატებით ბერკეტს მისცემს მანევრირებისთვის“.
ჯეჯელავა აღნიშნავს იმასაც, რომ საკითხზე ჯერ საერთაშორისო საზოგადოებასაც არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია:
„1915 წლის მოვლენები იყო იმ პოლიტიკური პროცესის შედეგი, რომელიც ისტორიაში სომხური საკითხითაა შესული. სომეხმა მკვლევრებმა კარგად იციან, რომ 1915 წლის მოვლენებში დამნაშავე მხოლოდ ოსმალეთის იმპერია არ ყოფილა: საკუთარი ნეგატიური როლი შეასრულა ყველა საერთაშორისო აქტორმა, რომელიც ჩართული იყო მსოფლიოს გადანაწილების პროცესში: გერმანიის იმპერია, ავსტრია–უნგრეთი, ბრიტანეთი, რუსეთი. სომხურ საკითხს ყველა საკუთარი იმპერიული ინტერესებისთვის იყენებდა.
ვფიქრობ, თემა ჯერ კიდევ სერიოზულ შესწავლას და გაანალიზებას საჭიროებს. ის, რომ ტრაგედია მოხდა და აღარ უნდა განმეორდეს, ცალსახაა, მაგრამ ამ ტრაგედიის რეალურ მიზეზებზე საერთაშორისო საზოგადოებამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ნაკლებად იცის: არის ბევრი მასალა, რომლის გახსნა მიუღებელია თურქული მხარისთვის, გარკვეულწილად სომხური მხარისთვისაც“,– ამბობს ჯეჯელავა და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ტექტონიკური ხასიათის გეოპოლიტიკურ ძვრებს არ ელის.
საქართველოს პოზიცია
„საქართველოს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები, დღის წესრიგი აქვს, ამ ფორმატში დარჩება და გადაწყვეტილებებს მისი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში სოლიდარული იყო სომეხი ერის მიმართ. თუ გადავხედავთ იმ პერიოდის პრესას (ვგულისხმობ 1915 წლის შემდგომ მოვლენებს), ვნახავთ, როგორი სოლიდარული იყო, საქართველოში აქ ჩამოსული სომეხი ლტოლვილების მიმართ, როგორ დახმარებას უწევდა მათ ქართული საზოგადოება, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო, დღის წესრიგი აქვს და საქართველოც თავისი დღის წესრიგით უნდა მიჰყვეს იმ საჭიროებებს, რაც მას რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობებში უდგას“,– ამბობს ჯეჯელავა.
ამასთან, მისი ხედვით, ჯო ბაიდენის პოზიციონირება ოფიციალურ თბილისს რიგ შესაძლებლობებს უხსნის, რაც მან სახელმწიფოებრივი, თუნდაც რეგიონული ინტერესებისთვის უნდა გამოიყენოს:
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი აშშ რეგიონში მყარად ყოფნას გეგმავს; მას თავისი ხედვა აქვს რეგიონის მომავალთან დაკავშირებით და რომ მისი აზრის გაუთვალისწინებლობას ნაკლებად შეეგუება. გარდა ამისა, თურქეთს კიდევ მეტი დაინტერესება გაუჩნდება საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური ურთიერთობების, რაც, ბუნებრივია, არ არის ცუდი და საქართველოს მიმართ პოლიტიკური კეთილგანწყობაც უნდა წარმოაჩინოს. ბუნებრივია, ეს განცხადება აბალანსებს რეგიონში ყველა დიდი აქტორის ამბიციებს, მათ შორის – რუსეთის, აზერბაიჯანის. ამდენად, ეს იყო ძალიან საჭირო და სწორი განცხადება“.