გაბუნია განმარტავს, რომელ ასაკობრივ ჯგუფებში გაგძელდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის პროცესი
29/04/2021 11:31:55 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს კლინიკურმა საბჭომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ასაკობრივი ზღვარის დაწევის შესაძლებლობა განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, ძალაში დატოვოს ასაკობრივი განაწილების არჩეული რეჟიმი.
მისი თქმით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრები კვლავ 55 წელს გადაცილებული პირებისთვის იქნება შესაძლებელი:
"ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, „ასტრაზენეკას“ გამოყენება შეზღუდოს 55- 60 წლამდე. ჩვენც რამდენიმე კვირის წინ ვაქცინაციის საბჭოს ფარგლებში მივიღეთ იგივე გადაწყვეტილება. საყურადღებოა ისიც, რომ დღეს დიდი ქვეყნები, ძალიან წარმატებული ქვეყნები, რომლებიც ჩართული არიან ვაქცინაციის პროგრამაში, როგორიც არის ბრიტანეთი, 30 წლის ზემოთ ასაკში აგრძელებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციას. ამაზე გვქონდა გასულ კვირაში საუბარი, ასევე დღეს კლინიკური საბჭოს ფორმატში. რა თქმა უნდა, რისკები არის მინიმალური, თუმცა ჯერ–ჯერობით ვიფიქრეთ, რომ 55 წლის ასაკი შევინარჩუნოთ, რადგან მნიშვნელოვანია მეტად ფოკუსირებული მიდგომა ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამაში აქტიურად ჩართვაზე. „ასტრაზენეკა“ მეტად რეკომენდებულია მაღალი ასაკის პირებში. ჩვენც ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ჯერ–ჯერობით ასაკობრივი განაწილების ამ რეჟიმს შევინარჩუნებთ“.


