
კენტი: "ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მათთვისაა, ვისაც წევრობა არ სურს, უკრაინა კი წევრი უნდა გახდეს"
28/04/2021 14:43:53 მსოფლიო
ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი თავის დროზე იმ ქვეყნებისთვის შეიქმნა, რომლებსაც წევრობის დაინტერესება არ აქვთ, რადგან ევროპისგან შორს არიან (ტაივანი, ისრაელი და სხვა), უკრაინამ კი რეფორმები უნდა გაატაროს და ალიანსის წევრი გახდეს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპული და ევრაზიული ურთიერთობების საკითხებში ჯორჯ კენტმა კიევის უსაფრთხოების ონლაინ-ფორუმის მსველობისას დასმული იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად შესაძლებელია, უკრაინამ ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიიღოს.
"უკრაინამ 2008 წელს მიიღო ნატო-ს დაპირება, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება. უკრაინას გააჩნია ასევე შესასრულებლად სავალდებულო წლიური პროგრამები, საგზაო რუქები, რომელიც, მათ შორის, მოიცავს რეფორმებს. ქვეყანა, ეს რეფორმები უნდა განახორციელოს, რათა მისი ინსტიტუციები - და არა მარტო სამხედრო, გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ესაა დღის წესრიგი, რომელიც უკრაინას ალიანსის წევრობასთან დაახლოებაში უნდა დაეხმაროს" - განაცხადა კენტმა.