
“იმ დროსაც დავაგვიანეთ ხმის ამოღება, რაღაცნაირად თავად ვქმნით ამ რეჟიმებს"
16/07/2019 19:34:23 სხვა, საზოგადოება
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ანტისაოკუპაციო აქციაზე მისი და მისი თანამოაზრეების ყოფნის მიზეზებს განმარტავს.
"აბსოლუტურად ყველას ყველაფერი გვახსოვს. იმიტომ ვდგავარ, რომ მსგავსი არაფერი აღარ განმეორდეს",– განაცხადა კალატოზიშილმა “პირველის” ეთერში.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს მათ ხმის ამოღება დააგვიანეს და ეს შეცდომა გავლილი აქვთ:
“იმ დროსაც ["ნაციონალური მოძაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს] ალბათ სადღაც დავაგვიანეთ ხმის ამოღება და რაღაცნაირად ჩვენ თვითონ ვქმნით ამ რეჟიმებს. ჩვენ ეს უკვე გამოცდილი გვაქვს... როცა მეუბნებიან, "არ მახსოვხარო", თქვენი თავი გახსოვთ? ძალადობას ხომ ეწინააღმდეგებოდით იმ დროს? მე თუ არ გახსოვარ, იქნებ მეშინოდა, ხმას ვერ ვიღებდი?! ათასი ვერსიაა... იძახიან, რომ ტირანია იყო და მეუბნებიან, რომ ისევ ისე უნდა მოვიქცე, როგორც იმ დროს ვიქცეოდი?! მომეცა თავისუფლება, მომეცა ხმის ამოღების უფლება”.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.