ამერიკული კატარღის შავ ზღვაში შემოსვლის შემდეგ რუსეთმა წვრთნები დააანონსა
28/04/2021 11:25:49 მსოფლიო
რუსეთი შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას რუსული კრეისერი „მოსკვა“ სხვა გემებთან და სამხედრო ვერტმფრენებთან ერთად მიიღებს.
მოსკოვმა წვრთნები მას შემდეგ დააანონსა, რაც აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტილიამ ჰამილტონის კლასის კატარღის შავ ზღვაში გაგზავნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის განცხადებით, ამერიკული კატარღის ქმედებებს მონიტორინგს გაუწევენ.
"ჰამილტონის" კლასის ამერიკული კატარღა შავ ზღვაში 27 აპრილს შემოვიდა. ჩვენი ძალები მისი ქმედებების მონიტორინგს ახორციელებს", – აცხადებენ ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრში.
აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტილიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული კატარღა შავი ზღვისკენ მოემართებოდა:
„ეგეოსის ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდ "რუზველტთან" მუშაობის დასრულების შემდეგ "ჰამილტონის" კლასის აშშ-ის სანაპირო დაცვის საპატრულო კატერმა ჩრდილოეთის სრუტეების გავლით შავ ზღვაში გასასვლელად სვლა დაიწყო. კატარღა რეგიონში ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან იმუშავებს“.


