
„აქ ვიმყოფებით, რათა დაგეხმაროთ ნებისმიერი გზით და ნებისმიერი საჭიროების თვალსაზრისით“
28/04/2021 11:01:20 საგარეო პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს, ქართველი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი, ხოლო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ნამდვილი მხარდამჭერია.
„ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა დაგეხმაროთ ნებისმიერი გზით და ნებისმიერი საჭიროების თვალსაზრისით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დიპლომატმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
რაც შეეხება შეხვედრას, როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, დავით ზალკალიანთან განიხილა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაესვა რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას.
ამასთან, როგორც ოფიციალურ რელიზში ვკითხულობთ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას.
უწყების ცნობით, საუბრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა როგორც საქართველოში, ისე ლიეტუვაში.
ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე.
სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის მხარემ დაადასტურა ამ მიმართულებით დახმარების მზაობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ლიეტუვის მხარე ასევე მიესალმა ევროკავშირის მედიაციით მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
„ჩვენ არ გაგვაჩერებს შიდა პოლიტიკური პრობლემები ჩვენს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, რათა საქართველო უფრო დაცული გახდეს, რეგიონი იყოს უსაფრთხო. ჩვენ გავაგრძელებთ ტრანსატლანტიკური მიმართულების განხილვას, რომლის ნაწილადაც საქართველო აღიქვამს თავს“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და შეამკო გმირთა მემორიალი.
ვიზიტის ფარგლებში, გაბრიელიუს ლანდსბერგი შეხვდა საქარველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღესვე გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
29 აპრილს გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.