Accentnews.ge
20–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პოლიციელი დააკავეს

20–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პოლიციელი დააკავეს

16/07/2019 16:07:03 სხვა, სამართალი

20–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს,– ამის შესახებ პროკურატურა იუწყება.

"20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს  პროკურატურამ  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით,  გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით",– იუწყება პროკურატურა.

უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S