აშშ-ში ვაქცინირებულ ადამიანებს გარეთ გასვლა პირბადის გარეშე შეეძლებათ, თუმცა ხალხმრავალ ადგილებში მისი ტარება სავალდებულოა
28/04/2021 05:36:09 მსოფლიო
აშშ-ში ვაქცინირებულ ადამიანებს გარეთ გასვლა პირბადის გარეშე შეეძლებათ, თუმცა ხალხმრავალ ადგილებში მისი ტარება სავალდებულოა.
„დღეიდან, თუ ხართ სრულად ვაქცინირებული და იმყოფებით გარეთ, არა ხალხმრავალ ადგილას, პირბადის ტარება საჭირო აღარ არის. თუ იმყოფებით ხალხმრავალ ადგილას, მაგალითად სტადიონზე, კონფერენციასა და კონცერტზე, პირბადის ტარება კვლავ საჭიროა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ში ბოლო კვირაში „კოვიდ-19“-ის დღიური შემთხვევების რაოდენობა 16%-ით შემცირდა. ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა კი მიღებული აქვს 140 მილიონზე მეტ ადამიანს. ვაქცინაცია აშშ-ში სამი ავტორიზებული ვაქცინით – „ფაიზერ“/„ბიონტექით“, „მოდერნათი“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ერთდოზიანი ვაქცინით მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, აშშ-ის მოსახლეობის 29% სრულად ვაქცინირებულია, 43%-ს კი მიღებული აქვს ორდოზიანი ვაქცინის პირველი დოზა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსმა ყველაზე მეტი ადამიანი აშშ–ში იმსხვერპლა.


