Accentnews.ge
მედია – ერდოღანს სტამბულის არხის მშენებლობის დაფინანსებაზე თურქეთის უმსხვილესი ბანკები სავარაუდოდ, უარს განუცხადებენ

მედია – ერდოღანს სტამბულის არხის მშენებლობის დაფინანსებაზე თურქეთის უმსხვილესი ბანკები სავარაუდოდ, უარს განუცხადებენ

27/04/2021 09:12:44 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს სტამბულის არხის მშენებლობის დაფინანსებაზე ქვეყნის უმსხვილესი ბანკები სავარაუდოდ, უარს განუცხადებენ, – იუწყება Reuters თურქ ბანკირებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემასთან თურქული უმსხვილესი ბანკების წარმომადგენლები აცხადებენ, გარდა გარემოსთვის მიყენებული შესაძლო ზიანისა, რისკები ეკონომიკურ–პოლიტიკურ ვითარებასაც უკავშირდება.

"თურქეთის 6 მსხვილი ბანკი, მათ შორის Garanti Bank, Is Bank და Yapi Kredi გაერო–ს მიერ მხარდაჭერილი პაქტის ხელმომწერები არიან, რომელიც მათ პლანეტისთვის შესაძლო ზიანის თავიდან აცილებას ავალდებულებს. შესაბამისად, არ მგონია, ჩვენ ეს პროექტი დავაფინანსოთ", – აცხადებს ერთ–ერთი ბანკირი.

როგორც გამოცემა წერს, თურქული ბანკების უმეტესობისთვის, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც სესხების გაცემას ევროპელ ბანკირებთან ერთად ახორციელებენ, ამ პროექტში ჩართვა ძალიან მაღალი რისკი იქნება.

"ამგვარი დიდი პროექტის აღებამ შეიძლება, შეზღუდოს ჩვენი შესაძლებლობები შემდგომი სესხების გაცემის განსახორციელებლად. ამასთან არსებობს რისკი, რომ პროექტი შემდგომ ეტაპზე შეიძლება, გაჭიანურდეს. ვერცერთი თურქული ბანკი, იქნება ეს სახელმწიფო, თუ კერძო, ვერ შეძლებს ამ რისკის აღებას”, - განაცხადა ერთ–ერთმა ბანკირმა.

კიდევ ერთი ბანკირი აღნიშნავს, რომ თურქული ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, სესხის რისკი ძალიან მაღალია. ამავდროულად იგი ყურადღებას პოლიტიკურ ვითარებაზეც ამახვილებს:

"იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიები ეწინააღმდეგებიან პროექტს, მშენებლობა შეიძლება შეჩერდეს, თუ ერდოღანის მმართველი პარტია ხელისუფლებაში აღარ იქნება".

კითხვაზე, მონაწილეობას მიიღებენ თუ არა თურქული ბანკები დაფინანსებაში, ერდოღანის სპიკერმა და მრჩეველმა,იბრაჰიმ კალინმა განუცხადა გამოცემას, რომ პროექტი "ნამდვილად მოიზიდავს ინვესტორებსა და კრედიტორებს, როდესაც ტენდერები ჩატარდება".

ცნობისთვის: თურქეთი გეგმავს, სტამბულის ჩრდილოეთით გაიყვანოს 45-კილომეტრიანი არხი, რომელიც შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან დააკავშირებს. როგორც ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, ამ ახალ არხში გადაადგილებაზე "მონტროს კონვენცია" არ გავრცელდება. 2019 წელს პროექტის საერთო ღირებულება მთავრობას 13 მილიარდ აშშ დოლარად ჰქონდა შეფასებული.

როგორც თურქული მედია იუწყება, არხის მშენებლობას აქტიურად უჭერს მხარს პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი. მთავრობის პროგნოზით, ახალი სანაოსნო გზა ბოსფორის სრუტის დატვირთვას შეამცირებს, რომლითაც ამ დროისათვის ძალიან ბევრი ხომალდი სარგებლობს. ამასთან, ახალი არხის არსებობა დააზღვევს იმგვარ ინციდენტებს, რომელიც ამ დღეებში მოხდა სუეცის არხში, სადაც გიგანტური კონტეინერმზიდი იყო გაჭედილი რამდენიმე დღის განმავლობაში. ახალი არხის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგე ქალაქის მერი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ეკრემ იმამოღლუა.

იხილეთ ასევე: დისკუსია თურქეთში და გეოპოლიტიკური ცვლილებების შავი ზღვის გარშემო გათამაშების მოლოდინი საქართველოში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S