
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
27/04/2021 07:47:04 კონფლიქტები
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.
ქართული მხარე ზაზა გახელაძის გათავისუფლებასაც მოითხოვს. დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს სამი მოქალაქე რჩება.
ქართული მხარე, ასევე საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სადემარკაციო სამუშაოებს გააპროტესტებს. ბოლო კვირის განმავლობაში, ქარელის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, რუსი სამხედროების მიერ ახალი მონიშვნები გაჩნდა.
სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების კუთხით გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული მიდგომები.
„მთავარი რაზეც ვისაუბრებთ, ეს არის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხი. ასევე, მთავარი საკითხი იქნება ბოლო პერიოდში გააქტიურებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ეს უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეს უქმნის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას. მთავარი გზავნილები და ჩვენი მოლოდინები არის, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები, რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული მიდგომა, უკანონო ბორდერიზაციის კონტექსტში შეწყდეს ის ქმედებები, რაც საფრთხეს ქმნის. გვიახლოვდება აღდგომის დღესასწაული და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნავენ. გვსურს, დავსვათ საკითხი, რომ ამ დღეებშიც მაქსიმალურად იქნას დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება. სამწუხაროდ, არის უამრავი გადაუჭრელი პრობლემა, რაზეც აქტიური დიალოგის წარმოება არის შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.