სომხეთი NATO-ს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს
27/04/2021 07:28:41 მსოფლიო
სომხეთი NATO-ს სამხედრო წვრთნებში „ევროპის დამცველი 21“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ადრე გაკეთებული ოფიციალური განმარტების მიუხედავად, მედიის მხრიდან კვლავ მომდინარე კითხვების საპასუხოდ, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს NATO-ს სამხედრო წვრთნებში „ევროპის დამცველი 21“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ევროპის დამცველი 21“-ში 27 ქვეყნის 30 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო სწავლებაში საქართველოც მონაწილეობს.
ცნობისთვის: სომხეთმა 2017 წლის ივლისის ბოლოს საკუთარი სამხედროები აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს 2017 წლის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე Saber Guardian–ზე მიავლინა. აგვისტოს დასაწყისში კი ერევანი - სამედიცინო ასეულის დონეზე იყო ჩართული NATO-ს „ღირსეული პარტნიორის“ (Noble Partners) სწავლებაში. ეს წვრთნები უკვე ვაზიანსა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე გაიმართა.
მოგვიანებით, 2017 წელს სომხეთმა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, ბოლო მომენტში გადაიფიქრა NATO-ს მრავალეროვნული სწავლებაში „მებრძოლი სული“ (Agile Spirit) მონაწილეობა, რომელმაც სტარტი სამცხე-ჯავახეთში, ორფოლოს პოლიგონზე აიღო.


