ერდოღანი ბაიდენს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს: "როდესაც გენოციდზე საუბრობთ, სარკეში ჩაიხედეთ. ყველამ იცის, რა დაემართათ მკვიდრ ამერიკელებს"
26/04/2021 20:16:47 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს მოუწოდებს, შეცვალოს ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში ჩადენილი სომეხთა მკვლელობების გენოციდად აღიარების გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, ბაიდენის "არასწორი ნაბიჯი" ისედაც დაძაბულ თურქულ–სომხურ ურთიერთობებში "ღია ჭრილობას" გააჩენს.
"აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა უსაფუძვლო, უსამართლო და რეალობას აცილებული განცხადება იმ სამწუხარო მოვლენების შესახებ, რაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოხდა. იმედი მაქვს, აშშ-ს პრეზიდენტი რაც შეიძლება სწრაფად წაიღებს უკან ამ არასწორ გადაწყვეტილებას. როდესაც გენოციდზე საუბრობთ, სარკეში ჩაიხედეთ. რა დაემართათ მკვიდრ ამერიკელებს, ყველასთვის ნათელია", – განაცხადა ერდოღანმა.
ამასთან, მან მოუწოდა თურქ და სომეხ ისტორიკოსებს, შექმნან ერთობლივი კომისია მოვლენების შესასწავლად.
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ივნისში დაგეგმილი NATO–ს სამიტის ფარგლებში "აშშ–სთან ყველა საკამათო საკითხის განხილვის შესაძლებლობა ექნება":
"ახლა ჩვენ უთანხმოებები გვერდზე უნდა გადავდოთ და გადავხედოთ რა ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია ამიერიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა არჩევანი აღარ გვექნება, ვიმოქმედოთ ვაშინგტონის 24 აპრილის გადაწყვეტილების საპასუხოდ".


