ქართველი ექიმების მიერ 80%–მდე გაზრდილი სიცოცხლის შანსი – აფხაზი გოგონას ისტორია
26/04/2021 12:36:48 საზოგადოება
დაახლოებით ექვსი თვის წინ, 12 წლის აფხაზ გოგონას, თავდაპირველად, მხრის სახსარში ტკივილი დაეწყო, შემდეგ მოძრაობაც გაურთულდა. ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემის სავალალო მდგომარეობის პირობების გათვალისწინებით, შეშინებულმა მშობლებმა ვითარებაში გარკვევა მეზობელ რუსეთში სცადეს. პეტერბურგში ჩატარდა რამდენიმე ბიოფსია და დაისვა მძიმე – მხრის ძვლის ოსტეოსარკომის დიაგნოზი. მეტიც, როგორც ირკვევა, ჩატარებული არაეფექტური მკურნალობის შედეგად, ბავშვს სიმსივნის ადგილობრივად გავრცელება (დისემინაცია) დაეწყო. სასოწარკვეთილი მშობლები ეძებდნენ შვილის გადარჩენის გზას, ვიდრე ენგურს გამოღმა ბერი ანდრიას სახელობის ფონდს მიაკვლევდნენ. ფონდი, რომელიც სახლად იქცა ბევრი ონკოლოგიური ბავშვისთვის, განსაკუთრებით, უსახსრო ოჯახებიდან და მათ შორის, აფხაზეთიდან. უკვე ბერი ანდრიას სახელობისა და სოლიდარობის ფონდების დახმარებით, ბავშვის სიცოცხლე ქართველი ექიმების ხელში აღმოჩნდა, თუმცა, არც თუ დამაიმედებელი პროგნოზით.

„კატასტროფული მდგომარება იყო – არაოპერაბელური“,– იხსენებს „აქცენტთან“ რუსეთში ჩატარებული კვლევების გაცნობის შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებას სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას" ონკო-ორთოპედი გიორგი ლორია – „იმდენად გავრცელებული იყო წარმონაქმნი სისხლძარღვებში, ნერვებში და ა.შ. გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ქიმიოთერაპია, გვენახა რა შედეგი დადგებოდა“.
და ქიმიოთერაპიაც დაიწყო იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში, ონკოლოგიურ დეპარტამენტში. პროცესმა სამ თვეს გასტანა და საბედნიეროდ, პოზიტიური შედეგით: წარმონაქმნი ქიმიოთერაპიას დაექვემდებარა, გახდა ოპერაბელური, თუმცა ვინაიდან მსხვილ მოცულობას ინარჩუნებდა, გოგონას, ექიმებთან ერთად, გზის კიდევ ერთი რთული მონაკვეთი ჰქონდა გასავლელი: 19 აპრილს სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიაში" გოგონას უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ჩაუტარდა - მარცხენა მხრის ძვლის პროქსიმალურ სეგმენტში სიმსივნის ამოკვეთა და ე.წ. ონკო-პროთეზირება (ვერცხლით დაფარული ხელოვნური იმპლანტით შეიცვალა სახსარი და მხრის ძვლის ნახევარი).
„ამჟამად, ბავშვი თავს კარგად გრძნობს. ორ დღეში გავწერთ და იგი ბერი ანდრიას სახელობის ფონდში დაბრუნდება, რადგან ოჯახს თბილისში საცხოვრებელი არ აქვს. ორი კვირის განმავლობაში ხელი სპეციალურ ფიქსატორში ექნება, შემდეგ კი ვარჯიშებს დავიწყებთ. ამ ეტაპზე, შეგვიძლია ვთქვათ, თუ ბავშვის გადარჩენის შანსი ოპერაციის გარეშე იყო 20%, დღეს 80%–ია. გარდა ამისა, არ სჭირდება ამპუტაცია და კიდური სრულად შეუნარჩუნდა“,– გვიამბობს ექიმი.
ბავშვი, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის კურსის შემდეგ, დედასთან ერთად დაბრუნდება შინ, აფხაზეთში. აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ პაციენტი საჭიროებს მუდმივ კონტროლს, პოტენციურად შესაძლო მეტასტაზების განვითარების შემთხვევაში, მათ ადრეულ აღმოჩენასა და შესაბამის მკურნალობას. მას, პერიოდულად, მოუწევს მკურნალ ექიმებთან კონტაქტი, რასაც ვიცით, რომ გადაადგილების მხრივ ენგურზე შექმნილი პრობლემები გარკვეულწილად გაართულებს.
„რაღაცნაირად კონტაქტი უნდა შევძლოთ“,– იტოვებს იმედს „მედიქლაბჯორჯიას" ექიმი.



