Accentnews.ge
რომელი შეზღუდვები იხსნება და წესდება

რომელი შეზღუდვები იხსნება და წესდება

26/04/2021 12:21:06 საზოგადოება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განიხილა კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე – საქართველოში.

აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლფონდის მობილიზების, ისე მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგების მართვის კუთხით და აღინიშნა, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი სისტემა მზად არის, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯგუფების ტესტირება, მაისის განმავლობაშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება;

რომელი შეზღუდვები იხსნება და წესდება

  • რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;
  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;
  • როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით პერიოდში, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა;
  • ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;

"ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი.

იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები; შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს", – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S