
ყაზბეგში მაშველებმა ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს
16/07/2019 12:55:42 სხვა, სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე ამოიყვანეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინული ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა.
ლიეტუველი ტურისტის დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფი.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება", – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.