ზელენსკი „ნორმანდიის ფორმატის“ გაფართოების ინიციატივით გამოვიდა
26/04/2021 10:33:41 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი „ნორმანდიის ფორმატის“ გაფართოების ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, დონბასთან დაკავშირებული მოლაპარაკების ფორმატში სასურველია აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ჩართვა.
„პროცესი უნდა ემსახურებოდეს აწმყოს და არა წარსულის მიზნებს. არსებობს ორი ვარიანტი: ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მინსკის ფორმატი, კორექტირება შევიტანოთ მასში. ან შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფორმატი. სიჩქარეს აქვს მნიშვნელობა. ამ პროცესის ტემპი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ ხალხს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სურს ორმხრივი შეხვედრა გამართოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, თუმცა ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი შინაარსია. ამასთან, ზელენსკიმ უარყო რუსეთის ლიდერის წინადადება, რომელმაც კიევს ურჩია დაიწყოს დიალოგი თვითგამოცხადებული „რესპუბლიკების“ წარმომადგენლებთან დონბასის კონფლიქტის მოგვარების მიზნით.
კრემლში ზელენსკის განცხადებას "საგანგაშო" უწოდეს.


