ბოლო დღეებია, ინდოეთში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული ნამატი ფიქსირდება
25/04/2021 07:07:46 მსოფლიო
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 349 681 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო რამდენიმე დღეა, ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი აღირიცხება. ინდოეთის საავადმყოფოები ადგილებისა და ჟანგბადისა ნაკლებობას განიცდიან.
ბოლო 24 საათში ინდოეთში გარდაიცვალა 2 767 კოვიდინფიცირებული. ეს ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19-ის“ 16,96 მილიონი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.
მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 192 311-ს შეადგენს.
აშშ ღრმად შეშფოთებულია ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდის გამო და ქვეყნის მთავრობასა და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს დამატებით დახმარებას აღმოუჩენს, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა.
„ჩვენ მაღალი დონის აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს და ვგეგმავთ, სწრაფად მივაწოდოთ დამატებითი დახმარება ინდოეთის მთავრობას და ინდოეთის ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს, რომლებიც ბოლოდროინდელ მძიმე ეპიდაფეთქებას ებრძვიან“, – წერილობით განუცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერი“.


