"რიონის მცველები" თბილისში აქციებს აანონსებენ
24/04/2021 07:47:50 საზოგადოება
"რიონის მცველები" თბილისში აქციებს აანონსებენ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობამ მათი იგნორირება გადაწყვიტა, ამიტომაც 23 მაისს ისინი თბილისში გამართავენ აქციას.
პროტესტის ერთერთი ორგანიზატორი, მირზა ნოზაძე ამბობს, რომ მთავრობის პოზიცია, ჰესი აშენდეს, მათთვის მიუღებელია. ნოზაძის თქმით, არსებობს კითხვები, რომლებზეც ხელისუფლება პასუხებს არ სცემს საზოგადოებას, ამიტომაც მშენებლობის გაგრძელება დაუშვებელია.
„ხელისუფლებამ აირჩია მოთხოვნების არდაკმაყოფილების და პროტესტის იგნორის გზა. გვქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება გააგრძელებდა იგივე ნარატივს, რომ პროტესტის მონაწილეები არ არიან მათი მთავარი დიალოგის მეორე მხარე და ისინი აგრძელებენ ურთიერთობას, რომ ჰესი აშენდება. ცდილობენ გაამართლონ მათი შეცდომები ხელშეკრულების დადებაში. სანამ კითხვებზე პასუხები არ გვექნება, პროტესტი გადავა ესკალაციაში.
რადგან შევდივართ ვნების კვირეულში და შემდეგ აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში, ხოლო შემდეგი ორი შაბათ-კვირა დღის წესრიგი პოლიტიკური აქციებისაა. გადავწყვიტეთ 23 მაისი უახლოეს თარიღად. ჩვენ 23 მაისს ქართული საზოგადოება და მხარდამჭერები გვიხილავენ თბილისში", - ამბობს მირზა ნოზაძე.
ცოტა ხნით ადრე მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით გადაიდება, ხოლო კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის. ამავე ცნობით, კომპანია ენკა ამ ეტაპზე პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს გააგრძელებს.
გუშინ, 23 აპრილს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ სამ პირობასთან დაკავშირებით, მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა.


