
"რუსთავი 2"-ის იურისტი: "ხელისუფლება სასოწარკვეთილია"
16/07/2019 10:13:14 სხვა, სამართალი
„რუსთავი 2“-ის იურისტი თამთა მურადაშვილი უსაფუძვლოს უწოდა ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძის ადვოკატის მიერ პროკურატურაში წარდგენილ არგუმენტებს. საუბარია არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მომზადებულ საჩივარზე.
"როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იცის, რომ სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და ახლა ნინო ნიჟარაძესა და მის ადვოკატს იყენებენ, რომლებსაც სავარაუდოდ, პირადი დაინტერესებაც აქვთ... გამოიკვეთა, რომ თითქოს, ვითომ აუდიტორული კომპანიისთვის უნდოდათ გადაეცათ და დიდ ოთხეულს შეესწავლა. სად არის დიდი ოთხეული? ჯერ კითხვების ფორმულირებაც კი არ მოუფიქრებიათ მათ, რომ ავირჩიოთ აუდიტორული კომპანია, რომელიც შეაფასებს ამ კომპანიის საქმიანობას, მაგრამ დაასწრეს მოვლენებს, დაასწრეს იმიტომ რომ ისინი არიან ხელისუფლება და ხელისუფლებას ორი დღით ადრე სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ძალიან ეშინია. ერთი მხრივ, ეს არის კარგი ფაქტი, ნინო ნიჟარაძემ და მისმა ადვოკატმა მოახდინეს სრული ლუსტრირება, ჩვენი ზედმეტი კომენტარის გარეშე“ - აცხადებს „რუსთავი 2“-ის იურისტი.
თამთა მურადაშვილის თქმით, დღემდე ადვოკატ გიორგი ყავლაშვილზე არაფერს ამბობდნენ, რადგან ნინო ნიჟარაძის ინტერესებს წარმოადგენდა, მაგრამ დღეს შეიძლება ითქვას, რომ ის პირადადაა ჩართული უკანონო ქმედებებში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ.
„დღეს გაკეთებული განცხადებები, კონკრეტულად მესამე არხთან დაკავშირებით, არის ის, რომ განზრახ ტყუის, როცა ძალიან კარგად იცის ეს და პასუხი მიიღო წინა სხდომაზე. მიუხედავად ამისა,ტყუის. ეს ნიშნავს, რომ პირადად არის ჩართული, მას რაღაც ინტერესი აქვს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არა უშავს, მისი რეპუტაცია, როგორც ადვოკატის აქამდეც იყო ცნობილი. ეს არის ცალსახა ლუსტრაცია და ის, რომ ხელისუფლება არის ძალიან სასოწარკვეთილი. როგორც ჩანს, სტრასბურგის სასამართლო არის ჩვენს სასარგებლოდ და მათ წინააღმდეგ და აღარ იციან რა ქნან” - განაცხადა „რუსთავი 2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.
ცნობისთვის: „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
"ჩემი მარწმუნებელი 2014 წლიდან ფლობს წილს კომპანია "რუსთავი 2"-ში. 2014 წლიდან ჩემს მარწმუნებელს არ მიუღია კომპანიიდან არც დივიდენდი, არც რაიმე სახის შემოსავალი. მეტსაც გეტყვით, არანაირი ყურადღება მის მიმართ გამოჩენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, ჩემი მარწმუნებელი ითხოვდა თავისი წილის გასხვისებას და ამაზე ნებართვა არ მიეცა. პარტნიორების უფლება ბოროტად იმგვარად იქნა გამოყენებული, რომ მან პრაქტიკულად იზარალა. ეს არის პირველი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მივმართავთ პროკურატურას" - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა
მისი ინფორმაციით, 2014 წლიდან უშედეგოდ ითხოვდნენ სხვადასხვა დოკუმენტის გადაცემას და მიიღეს მხოლოდ ნაწილი, სადაც აშკარად გამოიკვეთა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები.
„საუბარია 220-ე მუხლზე - კომპანიის ხელმძღვანელი პირის მიერ საზოგადოების საზიანოდ მოქმედება, რასაც თავისთვის და სხვისთვის უპიარტესობა და გამორჩენა მოჰყვა. ეს გახლავთ 182-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს მითვისებას და გაფლანგვას. ეს გახლავთ 205-ე პრიმ მუხლი, რომელიც გულისხმობს სპეციალური უფლებამოსილების იმგვარად გამოყენებას, რომელსაც მოჰყვა გარკვეული ქონების გადამალვა“ - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.