
აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს
16/07/2019 06:51:05 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს, –იუწყება სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 15 ივლისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, „საქართველოდან ადამიანთა ჯგუფმა დაარღვია აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, „ქეშიქჩიდაღის“ კომპლექსთან (დავით– გარეჯი) თავს დაესხა მესაზღვრეებს და შეურაცხყოფა მიაყენა მათ“.
„წუხილით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების სულისკვეთებას და ვაფასებთ ამას როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შექმნისკენ მიმართულ პროვოკაციას“, – ნათქვამია, "ტრენდის" ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს კელიებიდან ამოიტანეს ხატები და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს გზავნილით, რომ უდაბნოს სენაკები აღარაა საქართველოს საკუთრება. სწორედ ამას მოჰყვა ადგილობრივთა პროტესტი.
შსს–ს ცნობით, ადგილზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ამ დროისთვის სიმშვიდეა. გარეჯში ამ წუთებში საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.
ცნობისთვის: დავით-გარეჯის თემა 2012 წლის შემდეგ მღელვარების საგნად 2019 წლის 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ მღელვარების ფონზე შეიქმნა საზღვრის დამდგენი კომისია, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. ცნობილია, რომ კომისიამ რამდენიმე შეხვედრა გამართა ბაქოში, დაგეგმილია ექსპერტების დონეზე სეხვედრა თავად გარეჯში.
იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...
რა შედეგით დასრულდა ქართულ–აზერბაიჯანული მხარეების შეხვედრა გარეჯში