"კაცს რომ ახლობელი მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა, რომ ნიღაბი გაიკეთოს?"
22/04/2021 19:42:44 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საზოგადოება კოვიდ–რეგულაციების თაობაზე ინფორმაციის ნაკლებობას არ განიცდის.
"კაცს რომ მეზობელი მოუკვდება, ახლობელი მოუკვდება, ნათესავი რომ მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა იმას, "რომ ნიღაბი გაიკეთე, ძალიან გთხოვ"? რამდენჯერ უნდა ვუთხრა? ყველგან, ტელევიზორს ჩართავთ თუ რადიო იქნება, ყველგან ხო ერთი და იგივეს ვამბობთ? გამოდიან ჩემი კოლეგები და ამას ამბობენ", – განაცხადა იმნაძემ.
მისი ვარაუდით, რამდენი ასი ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ, ერთი თანამოქალაქე დაიღუპება:
„დღეს ხომ დღეში 1 200-1 300 ახალ ავადმყოფზე ავედით და დათვალეთ, ცოტა ხანში, დღეში რამდენი ადამიანი დაგვეღუპება. აქედან გამოსავალი ისაა, რომ წესები დავიცვათ – პირბადე ვატაროთ, ხალხმრავალ შეკრებებს, ძირითადად, სუფრებს მაქსიმალურად ავარიდოთ თავი და ა.შ“.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, ბოლო 2 კვირაა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1000–ს აჭარბებს.


