NATO-ს მოკავშირეები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ქმედებების გამო და ჩეხეთის მთავრობას სოლიდარობას უცხადებენ
22/04/2021 17:24:08 მსოფლიო
NATO-ს მოკავშირეები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ქმედებების გამო და ჩეხეთის მთავრობას სოლიდარობას უცხადებენ, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
"დღეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ინფორმაცია მიაწოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში 2 რუსი ოპერმუშაკის საქმიანობის შესახებ, რის შედეგადაც 2014 წელს მოხდა აფეთქებები ვრბეტიცეში, საბრძოლო მასალების საცავებში. აფეთქებამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოკავშირეებმა მომხდარის გამო სამძიმარი გამოთქვეს. მინისტრმა დაადასტურა, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ აფეთქება რუსმა დაზვერვის თანამშრომლებმა განახორციელეს. მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფოს მიერ ორივე მათგანი იძებნება სოლსბერიში 2018 წელს განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. აღნიშნულის საპასუხოდ ჩეხეთმა ქვეყნიდან გააძევა 18 რუსი ჩინოვნიკი, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წევრები არიან. მოკავშირეები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ევროატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის, ალიანსის ტერიტორიაზე რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების გამო და სრულ სოლიდარობას უცხადებენ ჩეხეთის მთავრობას“,– ნათქვამია განცხადებაში.


