ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
22/04/2021 14:36:40 საზოგადოება
მარტვილში, სალხინოს ტაძარში, სადაც წინა დღით მიტროპოლიტი სტეფანე არ შეუშვეს დაპირისპირება მოხდა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მიტროპოლიტობიდან განყენებული პეტრე ცაავას მხარდამჭერი მღვდლები და სტეფანეს მხარდამჭერები.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
დაპირისპირებამდე მცირე ხნით ადრე განცხადება გაავრცელა საპატრიარქოს პრეს–ცენტრმა.
„ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი – მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა“, – ნათქვამია განცხადებაში.


