ივანე ჩხაიძე კოვიდგადატანილი ბავშვების მშობლებს მიმართავს
22/04/2021 12:32:12 საზოგადოება
იაშვილის კლინიკის დირექტორის ივანე ჩხაიძე კოვიდგადატანილი ბავშვების მშობლებს მოუწოდებს, ბავშვებში კორონავირუსის შემდგომი გახანგრძლივებული სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს.
ჩხაიძის თქმით, ინფექციის გადატანის შემდეგ დიდი პერიოდის განმავლობაში – 6–დან 8 თვემდეც კი როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში აღინიშნება იმ სიმპტომების გახანგრძლივება, რომლებიც მათ ჰქონდათ დაავადების მწვავე ფაზაში, ხოლო რიგ შემთხვევაში ადგილი აქვს სრულიად ახალი სიმპტომების გამოჩენას.
"ზოგადად, ითვლება, რომ მოსახლეობის 10 პროცენტში შეიძლება, აღინიშნოს 12 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში სიმპტომები და 30-33 პროცენტში უფრო ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში", –აცხადებს ჩხაიძე.
რა სიმპტომები შეიძლება, გაუხანგრძლივდეთ კოვიდგადატანილ ბავშვებს
გახანგრძლივებული სიმპტომები, მათ შორის, შეიძლება, იყოს:
- ძილის დარღვევა
- სუნთქვის უკმარისობა
- ჰაერის უკმარისობა
- ხველის გახანგრძლივება
- საერთო სისუსტე
- კუნთების სისუსტე
- სახსრების ტკივილი
ჩხაიძის თქმით, "პედიატრიულ პაციენტებში 100-მდე სიმპტომი არის აღწერილი, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის გადატანის შემდგომ მდგომარეობას".
რატომ არის აუცილებელი ბავშვის ექიმთან მიყვანა გახანგრძლივებული სიმპტომების შემთხვევაში
როგორც ჩხაიძე განმარტავს, თუ ბავშვს კორონავირუსის გადატანიდან ერთი თვის შემდეგ რომელიმე ზემოთხსენებული სიმპტომი გამოუვლინდა – მნიშვნელობა არ აქვს მწვავე იყო კორონავირუსი თუ მსუბუქი, იგი ექიმის ჩარევას აუცილებლად საჭიროებს.
"იაშვილისა და ციციშვილის კლინიკების ბაზაზე არასრულწლოვნებისთვის კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებმა ფუნქციონირება გუშინ დაიწყეს. ეს პაციენტები იღებენ მულტიპროფესიული ჯგუფის ერთობლივ შეფასებას, პედიატრთან ერთად შეფასების პროცესში მონაწილეობს კარდიოლოგი, პულმუნოლოგი, ნევროლოგი და ა.შ. ამასთან, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის მონაწილეობაც, ვინაიდან ხშირია დეპრესიის, ხასიათის ცვლილებები. ასე რომ, ეს ცენტრი ორიენტირებულია ამ ბავშვების შეფასებაზე, შეფასების შემდეგ გადაუდებელ მდგომარეობებში დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაზე.
ჩვენ ვთხოვთ მშობლებს, არ აქვს მნიშვნელობა, მძიმე იყო კორონავირუსი, მწვავე ფაზაში, თუ მსუბუქი, კორონავირუსის გადატანიდან ერთი თვის შემდეგ თუ აღინიშნა რომელიმე ეს სიმპტომი, აუცილებლად მოგვმართოს.
ამ ბავშვების მეთვალყურეობა უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად. მეთვალყურეობის ხანგრძლივობა შესაძლებელია, იყოს ერთი წელი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომლის შემთხვევაში გულის დაზიანებას სულ მცირე ერთწლიანი მონიტორინგი სჭირდება“, – განმარტავს ჩხაიძე.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსი საქართველოში 30 000-მა ბავშვმა გადაიტანა.
ცნობისთვის: იაშვილისა და ციციშვილის კლინიკების ბაზაზე არასრულწლოვნებისთვის კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებმა მუშაობა დაიწყო. ბავშვებს, რომელთაც კორონავირუსის გადატანიდან ერთი თვის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებათ, დაწესებულებებში მულტიპროფესიული ჯგუფი შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ დიაგნოსტირებას მოახდენს. ამისთვის საჭიროა, მშობელი თავად დაუკავშირდეს ამ მხრივ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებს.


